577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ბათუმში ისრაელის კვირეული ჩატარდება

image
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს შეხვდა. შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშეც ესწრებოდა.

მხარეებმა აჭარის რეგიონით ისრაელელების მზარდ დაინტერესებაზე, ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყოველწლიურად იზრდება ისრაელიდან აჭარაში ვიზიტორთა რიცხვი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდეს აჭარის რეგიონთან ურთიერთობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაინტერესდა ტურიზმის სფეროში ისრაელის გამოცდილებით და აღნიშნა, რომ რეგიონული მთავრობა გაეცნობა ამ სფეროში ისრაელში არსებულ პრაქტიკას. ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა დავით გაბაიძე ისრაელში დაპატიჟა. ვიზიტი სავარაუდოდ, გაისად, წლის დასაწყისში შედგება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ წელს, ტურისტული სეზონის დასაწყისში ბათუმში ჩატარდება ისრაელის კვირეული, რომელშიც მონაწილეობას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიები და ბიზნესმენები მიიღებენ. ღონისძიებას დაესწრება, აგრეთვე, ქნესეთის დელეგაცია. გაიმართება კონცერტები, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები კი ბიზნესპროექტების პრეზენტაციას გამართავენ. აღინიშნა, რომ ასეთი ფორმატის კავშირები სათავეს დაუდებს ახალ ვექტორს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშესა და სასტუმრო „ეიფორიას“ ხელმზღვანელობის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ისრაელის კვირეულის რამდენიმე ღონისძიებას სწორედ „ეიფორია“ უმასპინძლებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „ისრაელის სახლს“ საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, თავადაც ჩაერთოს პირდაპირი კავშირების გაღრმავებაში. მისივე თქმით, ის თვალს ადევნებს საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებში მოქმედ მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას და მიესალმება ქვეყნების დაახლოებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს შეფასებით, ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო ვიზიტმა, ხილიკ ბარისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ორივე მხრიდან მეგობრობის ჯგუფების აქტიურმა მუშაობამ სათავე დაუდო ახალ ეტაპს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებში. მისასალმებელია, რომ ამ პათოსს იზიარებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც. „ისრაელის სახლი“ კი თავის მხრივ გააგრძელებს პირდაპირი კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით