577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

ფერების ფსიქოლოგია

image
ფერების ფსიქოლოგია

ალბათ გსმენიათ, რომ თითოეულ ფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ეს სიმართლეა: სხვადასხვა ფერი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობასა და გონებრივ განწყობაზე. ამ სტატიაში გაექცნობით, თუ როგორ მოქმედებს ადამიანებზე ლურჯი, წითელი, მწვანე, ყვითელი, თეთრი, ნაცრისფერი და შავი ფერები და სად გამოიყენება ეს.

სამეცნიერო კვლევა

ბორის ბაზიმა, თავის მონოგრაფიაში “ფერი და ფსიქიკა”, აღნიშნავს, რომ კაცობრიობის განვითარების განმავლობაში ფერი ყოველთვის ახდენდა ადამიანზე ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ გავლენას.
ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებს ფერებთან განსაზღვრული ასოციაციური კავშირი ჰქონდათ: წითელი - სისხლი, შავი - ტანჯვა, ბოროტება, თეთრი - სისპეტაკე, სიკეთე. ყველა ფერი იწვევდა გარკვეულ ემოციებს და გავლენას ახდენდა აზროვნებაზე.
იგივე შეინიშნება ახლაც. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში ამერიკელებს სთხოვეს, ამოერჩიათ და დაეხასიათებინათ საყვარელი ფერი. გამოკითხულთა 35%-მა ამოირჩია ლურჯი ფერი და აღწერა თითქმის ერთნაირად: წყნარი, მშვიდი, უშფოთველი.
ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტიც: ტოკიოს სარკინიგზო სადგურებზე დააყენეს ფარნები, რომლებიც ლურჯად ასხივებდნენ. რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, დანაშაულთა რიცხვი შემცირდა. ანალოგიური ექსპერიმენტი ჩატარდა გლაზგოშიც. შედეგი იგივე იყო.
ახლა კი უშუალოდ ძირითადი ფერები განვიხილოთ.

ლურჯი

ეს ფერი იწვევს სიმშვიდის, უშფოთველობის, ნდობის, ერთგულების, ჰარმონიის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ გამოიყენეს ლურჯი ფერი “ფეისბუქის” ძირითად ფერად. გარდა ამისა, ეს ფერი ხელს უწყობს რელაქსაციას და მოდუნებას. ცისფერი და ლურჯი ტონებით განათებულ სივრცეში ადვილად მოდუნდებით. თუმცა, ამავდროულად, ლურჯი ფერი “ცივი” ფერია.

წითელი

ეს სიყვარულის და ვნების ფერია. ომის და სისხლის ფერი. ის ასევე, ასოცირდება აკრძალვებთან (მაგალითად, შუქნიშნის წითელი სიგნალი) და აგრესიას იწვევს.
წითელი ფერი აღაგზნებს და ააქტიურებს ადამიანს, ამიტომაც ის ხშირად ფიგურირებს რეკლამებში - ფერთა მრავალფეროვნებაში პირველად სწორედ წითელი იქცევს ყურადღებას.
წითელკაბიანი ქალი სექსუალურად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფერის კაბაში.

მწვანე

მწვანე ბუნების ფერია. ამშვიდებს და ადუნებს. მწვანე ფერის ყურება ადამიანში ჰარმონიისა და სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს.

ყვითელი

ყვითელი ფერი ასტიმულირებს გონებისა და ნერვული სისტემის მუშაობას. ეს სითბოს და სიმყუდროვის, სიხარულის და სიცოცხლის ფერია. ყვითელი კარგ ხასიათზე აყენებს. ის “ოპტიმისტური” ფერია.
ძალიან პოპულარულია რეკლამებში ყვითელ ფონზე შავი შრიფტის გამოყენება. რადგანაც ითვლება, რომ ეს ეხმარება ინფორმაციის უკეთესად დამახსოვრებაში.
ყვითელი ფერი არის ასევე ღალატისა და განშორების სიმბოლო, თუმცა მთლიანობაში, ეს ფერი სიხარულს და დადებით ემოციებს იწვევს.

თეთრი

თეთრი ფერი ერთ-ერთი დამამშვიდებელი ფერია. თეთრი - სპეტაკი, ნეიტრალური, უმანკო და მიუკერძოებელი ფერია. თეთრი - სრულყოფილების სიმბოლოა.
თეთრი ასოცირდება ქაღალდის სუფთა ფურცელთან - ანუ შესაძლებლობებთან. ასე ვამბობთ კიდეც - “სუფთა ფურცლიდან დაწყება”. მაგრამ თუ ადამიანმა არ იცის, როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, მაშინ თეთრმა ფერმა შესაძლოა ნაღველიც გამოიწვიოს.

ნაცრისფერი

ნაცრისფერი მოწყენილობის, სევდის, რუტინის, ნაღვლის ფერია. ნაცრისფერი უემოციო, მტკნარ ფერად მიიჩნევა. ის აღნიშნავს მოკრძალებას და მოწყენილობას. “ნაცრისფერი დღეები” - მოსაწყენი, ნაღვლიანი, უფერული დღეებია.

შავი

შავი ფერი სიკვდილთან, ბოროტებასთან, ბნელთან (ღამესთან) ასოცირდება. ეს მწუხარების და იდუმალების ფერია. “შავი კატა”, “შავი დღე” - ეს ფერი ნეგატივს უკავშირდება.
თუმცა ის ყოველთვის არ არ იწვევს უარყოფით ემოციებს. ნაკლებია ალბათობა, რომ შავ კაბაში ქალის დანახვისთანავე სიკვდილი გაგვახსენდება.
შავის კიდევ ერთი მნიშვნელობა - წონა და ავტორიტარიზმია. დამეთანხმებით, რომ შავი ფერი უფრო სოლიდურია, ვიდრე ყვითელი.

ფერთა ფსიქოლოგიის გამოყენება

ფერების ფსიქოლოგიას ფართო გამოყენება აქვს, მაგრამ ძირითადი სფეროები მარკეტინგი და დიზაინია.
მაგალითად, ჩატარდა გამოკვლევა, სადაც რესპონდენტებს შესთავაზეს აერჩიათ ლურჯი ან მწვანე ფერის ინტერნეტ-მაღაზია. 178 ადამიანმა აირჩია ლურჯი, მწვანე კი მხოლოდ 99-მა. გამოდის, რომ ამ ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო ნიუანსს დიდი მნიშვნელობა აქვს გაყიდვებში.

წარმოიდგინეთ ოფისი. სვარაუდოოდ, თქვენ წარმოიდგინეთ ოთახი თეთრთან მიახლოებულ ნათელი ფერებში. რატომ? როგორც უკვე იცით, თეთრი ამშვიდებს. თუ ოფისს შევღებავთ მყვირალა წითელ, აგრესიულ ფერებში, თანამშრომლებს გაუჭირდებათ სტრესთან გამკლავება. იგივეა შუქნიშნის შემთხვევაშიც: მწვანე, ბუნებრივი ფერი, თითქოს იწვევს: “ყველაფერი რიგზეა, მოეშვი”. იმ დროს, როცა წითელი ყურადღებას იქცევს და აღაგზნებს ადამიანს. პირიქით გამოყენება არ იქნებოდა ეფექტური.

ახლა იცით, როგორ მოქმედებს ფერი თქვენს გუნება-განწყობაზე. გამოიყენეთ ეს!

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით