577 11 65 15
INTELECTBANK@GMAIL.COM

სთორითელინგი

image
სთორითელინგი

უძველესი დროიდან ადამიანთა შორის ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ისტორიების თხრობა წარმოადგენდა. მთხრობელები, ფილოსოფოსები, პოეტები და მწერლები უძველეს ხანაშივე მიხვდნენ, რომ საკმარისი არ იყო რაიმე ამბის უბრალოდ დაწერა ან მოთხრობა. საჭირო იყო გარკვეული წესები, რათა ისტორია მართლაც ეფექტური და საინტერესო ყოფილიყო.

ისტორიების თხრობის ხელოვნებას არც თანამედროვეობაში დაუკარგავს აქტუალობა და ახლა მას არა მარტო მწერლები, ორატორები, შოუმენები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფსიქოლოგები და ბევრი სხვა პროფესიის ადამიანები გამოიყენებენ.

ისტორიების თხრობის ხელოვნება - “სთორითელინგი” (ინგლ. Storytelling) წარმოადგენს აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდების საუკეთესო ეფექტის მქონე მეთოდს, სადაც გამოიყენება დიდაქტიკური, სენსიტიური, კომიკური და სხვა ისტორიები გამოგონილი ან რეალური პერსონაჟებით.

სთორითელინგი, როგორც სპეციალური მეთოდი, პირველად 1992 წელს დევიდ არმსტრონგმა გამოიყენა როგორც სწავლების ინსტრუმენტი ახალბედებისთვის თავის კომპანიაში. შემდგომში კი სთორითელინგი იქცა მთელ მეცნიერებად, თავისი ფსიქოლოგიური და მმართველობითი ასპექტებით.

ისტორიები შეიძლება იყოს მცირე ცხოვრებისეული მონათხრობი, მეტაფორები, ზღაპრები, ანეგდოტები, უბრალოდ ფრაზაც კი, რომელიც შეიცავს ისტორიას და ადამიანებს წაახალისებს კონკრეტული ქცევების ჩასადენად, კონკრეტული შედეგებისა თუ მიზნების მისაღწევად, რამაც შეიძლება, დიდი სარგებელი მოიტანოს ბიზნესში, მარკეტინგში, მენეჯმენტსა თუ ბევრ სხვა დარგში.

ფსიქოლოგიური ფაქტორის გამოყენებით შესაძლებელია ფერადი, საინტერესო და მომხიბლავი ისტორიების შეთხზვა, რომელიც ადამიანებში პირად მაგალითთან ასოცირდება. ინფორმაცია აღწევს ადამიანის ქვეცნობიერში, იწვევს აზრების გარკვეულ მიმართულებას, ეხმარება ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის მიღებაში. სწორედ ამიტომ, სთორითელინგი კარგად აისახება პრაქტიკაში, როგორც არაფორმალური სწავლება.

სთორითელინგის გამოყენება

ტრადიციულად, სთორითელინგს, ანუ ისტორიების შეთხზვის ხელოვნებას, მწერლები გამოიყენებენ. თუმცა, მისი გამოყენების სფერო მხატვრული ლიტერატურით არ ამოიწურება. დღეს ის გამოსადეგია პედაგოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, მეწარმეების, ჟურნალისტების, მარკეტოლოგებისთვის, პიარისთვის.

საინტერესო ისტორიები უფრო მეტად დამარწმუნებელია, ვიდრე საფუძვლიანი არგუმენტები და სამოტივაციო სიტყვები ან შესაძლებლობებისა და უპირატესობების ჩამოთვლა. ამიტომ, სთორითელინგი გამოიყენება ადამიანური რესურსების მართვაში, ვაჭრობაში, საჯარო გამოსვლებისას, პოლიტიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს ძალიან უყვართ საინტერესო ისტორიების მოსმენა, მათი გამოყენებით საკმაოდ ადვილად შეიძლება მათი ინტერესის გამოწვევა თხრობით.

მთხრობელის ხელოვნება მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში თანამშრომელთა ლოიალობის ფორმირებისთვისაც. საინტერესო ისტორიები არის მშვენიერი მოტივაცია სწავლისთვისაც, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სთორითელინგი შესაძლოა იქცეს ქმედით ინსტრუმენტად აღმზრდელების, პედაგოგების, ბიზნეს-ტრენერის, და რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ბევრად უფრო საინტერესოა რომელიმე ისტორიის გმირთან ერთად რაიმე პრობლემის გადაჭრა, ვიდრე, წესების ჩაწერა და მათში გარკვევის მცდელობა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის ვაწყდებით სთორითელინგს. ის ვისაც შეუძლია კარგად მოყვეს ისტორიები, ყოველთვის შეძლებს, გაანეიტრალოს ატმოსფერო, აამაღლოს განწყობა, გადმოსცეს აზრი საინტერესო და განსხვავებული ფორმით, მოახდინოს შთაბეჭდილება. ქართულ რელობაში სთორითელინგის სანიმუშო მაგალითია კარგი თამადა.

სთორითელინგის გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა: კულტურა, წარმოება, ბიზნესი, განათლება, ფსიქოთერაპია, მარკეტინგი, მენეჯმენტი, პოლიტიკა, შოუ-ბიზნესი, ბავშვების აღზრდა, ყოველდღიური ურთიერთობები და ბევრი სხვა სფერო.

სთორითელინგით შესაძლებელია ისეთი შედეგების მიღწევა, როგორიცაა:

o მსმენელის, მაყურებლის, მკითხველის ქვეცნობიერსა და აზროვნებაზე ზემოქმედება
o ინფორმაციისა და აზრების მაქსიმალურად ზუსტი გადაცემა
o ბავშვების, მოზარდების, სტუდენტებისა და ზრდასრულების სწავლება
o პროფესიული მომზადება და გადამზადება
o კონფლიქტური სიტუაციების მინიმალიზაცია კოლექტივსა და სხვა ჯგუფებში
o ადამიანებს შორის ურთიერთობების გამარტივება
o სტიმულირება ახალი მიზნების მისაღწევად
o მოტივირება ქმედებების განსახორციელებლად
o ავტორიტეტის გაძლიერება
o გაყიდვების გაზრდა

ამერიკაში სთორითელინგს იყენებენ ფსიქოთერაპევტები მძიმედ დაავადებულ პაციენტებთან მუშაობისას, წარმატებით აღვიძებენ რა მათში სიცოცხლის სურვილსა და დაავადებასთან ბრძოლის სურვიულს. ანუ, ისტორიების დახმარებით. შეიძლება არა მხოლოდ ფულის გამომუშავება, არამედ საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესება დაა სიცოხლის გადარჩენაც კი.

თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თხრობის ხელოვნება სწორად გამოიყენება.
სთორითელინგის მთავარი პრიციპები

საკამათო არაა, რომ ისეთ ისტორიას, რაც გავლენას მოახდენს მსმენელზე ან მკითხველზე, კარგად მოყვება პროფესიონალი მთხრობელი ან მწერალი. და მაინც, თუკი მოინდომებს, ყველას შეუძლია აითვისოს ამბის ოსტატურად მოყოლის ხელოვნება, თუ მიყვება შემდეგ პრინციპებს:

ისტორია არ უნდა იყოს გრძელი. უნდა გავითალისწინოთ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს მაქსიმალურად ყურადღებიანი მხოლოდ 20 წუთს, შემდეგ კონცენტრირება ეცემა.

ისტორიას უნდა ჰყავდეს გმირი, რომელიც დააინტერესებს აუდიტორიას. გმირი უნდა “დახატოთ” ისე, რომ მსმენელმა თავისიანად მიიღოს, მოირგოს მისი აზრები და ქმედებები. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ერთი ისტორია ყველა აუდიტორიისთვის არ გამოდგება და აუდიტორიას უნდა მოარგოთ სათითაოდ.

ისტორია არ უნდა გაიხსნას დასასრულამდე, ანუ, მსმენელმა ბოლომდე ვერ უნდა გამოიცნოს შედეგი თუ მორალი. ტექსტი არ უნდა იყოს მოსაწყენი. განსაკუთრებით დასაწყისი, და იწვევდეს ინტერესს, რა მოხდება შემდეგ. უნდა აღვძებდეს ემოციებს: სიხაარულს, სიცილს, ბრაზს, შიშს, გაურკვევლობას, მაგრამ არ უნდა ტოვებდეს მსმენელს გულგრილს.

ისტორია ადამიანებს არ უნდა ახვევდეს თავს ავტორის აზრს. კონკრეტულ დასკვნებამდე თავისით უნდა მივიდნენ. განსაკუთრებით, თუ ეს გაყიდვებს ეხება. არ შეიძლება უთხრათ ადამიანებს, რომ რაიმე სჭირდებათ ან ვალდებული არიან, რაიმე შეიძინონ. მათ შეძენის სურვილი უნდა გაუჩნდეთ.

თხრობისას აუცილებელია მეტაფორები და ფიგურალური გამოთქმები. ისტორიას უნდა ახლდეს მოულოდნელი ელემენტები, რაც აიძულებს მსმენელს დაიმახსოვროს ის.

მთხრობელს უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ისტორიას უნდა ჰქონდეს კვანძი, კონფლიქტი, კვანძის გაახსნა. მთელი ისტორია უნდა ტრიალებდეს პრობლემისა და მისი გადაჭრის ირგვლივ. ამასთან, აღწერა ბოროტად არ უნდა იქნეს გამოყენებული, რათა ისტორია დარჩეს ნათელი და ტევადი. სავალდებულო არაა, ისტორია იყოს იდეალური, მხოლოდ წრმატებასა და გამარჯვებაზე. ზოგჯერ, ისტორიები წარუმატებლობასა და დამარცხების შესახებ, გაცილებით ძლიერ ეფექტს ახდენს.

სთორითელინგი არ არის მხოლოდ წესებსა და პრინციპებზე აგებული თხრობა. წარმატება დიდად არის დამოკიდებული მთხრობელის თვდაჯერებულობაზე, ენთუზიაზმზე, თხრობით გატაცებასა და იმპროვიზაციის უნარზე. ამ თვისებების განვითარება სთორითელინგს აქცევს ადამიანებზე ზეგავლენის მძლავრ ინსტრუმენტად.

როგორ ვისწავლოთ სთორითელინგი

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგს მოსწონს, იყოს კომპანიის სული და გული, მოყვეს ამბები, და დატკბეს გარშემომყოფთა ემოციით. ზოგი კი ჰყვება უემოციოდ, მშრალად, მხოლოდ ფაქტების კონტატაციას ახდენს. ზოგსაც მოსმენა ურჩევნია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ადამიანებს სურთ მოუსმინონ და გაუგონ. ამიტომ სთორითელინგი, უპირველესად, არის კარგი ურთიერთობის უნარი. ამასთანავე, ეს არის უნარი ყველასათვის. სთორითელინგს შეუძლია აიყვანოს კომუნიკაცია ხარისხის ახალ საფეხურზე, გახადოს თქვენი ურთიერთობები გაცილებით ეფექტური. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უნარი უნდა გამოიყენოთ გამართულად და გონებით, რაც ნიშნავს, რომ არ შეიძლება ერთხელ აითვისოთ და მერე თავისით წავა. აუცილებელია, რომ მუდმივად განავითაროთ და დახვეწოთ ის.

თხრობის ხელოვნების შესწავლა შეიძლება დაიწყოთ სხვა ადამიანების წარმატებული და წარუმატებელი გამოსვლების ანალიზით (მეგობრების წრეში ან სალაშქრო კოცონთან მოყოლილი ამბებიც ერთგვარი საჯარო გამოსვლაა), ხოლო საკუთარი ისტორიისთვის მასალა შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას მოიპოვოთ: დააკვირდეთ ადამიანებს, მოისმინოთ გარშემომყოფთა ისტორიები, იკითხოთ, გაიფართოვოთ თვალთახედვის წრე, იყოთ ცნობისმოყვარე სამყაროსა და სიცოცხლის მიმართ.

ჭეშმარიტ მთხრობელს შთააგონებს ყველაფერი: საკუთარი და ახლობელ-მეგობრების ცხოვრება, სამუშაო გარემო და კოლეგები, ბუნების მოვლენები, ცხოველები. ისტორიის წყარო შეიძლება გახდეს საკუთარი გამოცდილება.

ფანტაზიის განვითარება შესაძლებელია მრავალი საშუალებითა და პრაქტიკით. ერთერთი ასეთი თამაშის არსი მარტივია: მიდიხართ ქუჩაში თუ ზიხართ პარკში, ათვალიერებთ გამვლელებს და ცდილობთ, განსაზღვროთ რას აკეთებენ, რა პოზიცია უჭირავთ სამსახურში, როგორ დაიწყეს დღე, რა აწუხებთ, რა ფიქრები უტრიალებთ თავში.

სხვა, არანაკლებ ეფექტური პრაქტიკაა დღიურის წარმოება. დროდადრო ყველა ვაწყდებით უჩვეულო სიტუაციებს, ვისმენთ საინტერესო ისტორიებს იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ურთიერთობა გვიწევს, ვეცნობით საინტერესო აზრებსს და იდეებს. ეს ყველაფერი მეხსიერებაში რომ არ დაიკარგოს, წერეთ დღიურში ყველაფერი, რაც საინტერესოდ გეჩვენებათ, რისი გამოყენებაც პერსპექტივაში შეგეძლებათ საკუთარ მონათხრობებში.

კომენტარები

Image
შემოგვიერთდით